
Mash: უკრაინაში ომის მხარდამჭერი რუსი მსახიობი საქართველოში არ შემოუშვეს
10/08/2023 07:37:17 საზოგადოება
რუსი მსახიობი ვიტალი გოგუნსკი საქართველოში არ შემოუშვეს, – იუწყება ტელეგრამ-არხი Mash და ვიდეოს ავრცელებს, რომლის მიხედვით, მსახიობი უკანა რეისით მოსკოვში ბრუნდება.
ვიდეოს ავტორები ირწმუნებიან, რომ მსახიობი, რომელიც სერიალ „უნივერში“ შესრულებული როლით გახდა ცნობილი, თბილისის აეროპორტში თვითმფრინავამდე სასაზღვრო ესკორტით მიიყვანეს.
მსახიობის დირექტორის, თავრიზ შაჰიდის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება პოლიტიკური სარჩულით მიიღო.
რუსული მედიის ცნობით, გოგუნსკი „უკრაინაში სამხედრო ოპერაციას“, (რუსეთი ასე უწოდებს უკრაინაში შეჭრას) პირველი დღიდან ემხრობოდა, არაერთხელ იმყოფებოდა კონფლიქტის ზონაში კონცერტით.
თავად გოგუნსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საყვარელ გოგოსთან ერთად მიფრინავდა, მაგრამ „კატეგორიულად გააბრუნეს“, ვინაიდან ხელისუფლებას „ოპოზიციის შეეშინდა“.
„ამბობენ, ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა, ჩვენ თუ შეგვიშვებდნენ“, - თქვა მსახიობმა.
მან რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, თავიანთ ქვეყანაში დაისვენონ და დაამატა, რომ „რუსი ხალხი, სხვა ბევრი ერისგან განსხვავებით, ტოლერანტია და ყველას ეხმარება“.
„არაფერი განსაკუთრებული სხვა ქვეყნებში არაა, რაც არაა რუსეთში“, - ამბობს მსახიობი.
პორტალ 5-tv.ru-ს ინფორმაციით, ვიტალი გოგუნსკი ცოტა ხნის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, რაც საქართველოს „ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევაა.
საქართველოს საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოშვებისას გადაწყვეტილებას მესაზღვრე იღებს.