09-08-2023 23:17:30 მსოფლიო ,ეს საინტერესოა
"შამანის" სპეცდანიშნულების ბატალიონის ჯარისკაცებს, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შემადგენლობაში შედის, დაევალათ რუსი მაღალჩინოსნების ლიკვიდაცია, – იუწყება Times.
გამოცემა ესაუბრა ბატალიონის რამდენიმე წევრს, რომელთა ძირითადი ამოცანებია სამხედრო დაზვერვა და მტრის ზურგში ინფრასტრუქტურის განადგურება.
”ჩვენ გავზარდეთ სამიზნეების რაოდენობა, კონკრეტულ ადამიანებთან თუ ობიექტებთან დაკავშირებული მისიები, მაგალითად, შენობა, სადაც იმყოფება გენერალი ან ვინმე მსგავსი რუსეთში”, - თქვა 30 წლის სერჟანტმა მეტსახელად ”ინტელექტუალმა”.
მან ჟურნალისტს უჩვენა რუსეთის ბელგოროდის მახლობლად ერთ-ერთი ჩასაფრების ამსახველი ვიდეო, რომლის დროსაც რუსი ჯარისკაცი, რომელიც სატვირთო მანქანას მართავდა, დაიღუპა. „ინტელექტუალმა“ აღნიშნა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში „შამანმა“ წარმატებით განახორციელეს „ათზე მეტი ასეთი ოპერაცია“.
გამოცემამ გაარკვია, რომ საუბარია 1009-ე მოტორიზებული შაშხანის პოლკის მეთაურზე, (რომელიც ძირითადად ჩამოყალიბდა ფსკოვის რეგიონიდან მობილიზებულთაგან), პოლკოვნიკ ვლადიმირ კუზნეცოვზე.
ასევე გასულ თვეში გავრცელდა ცნობა ФСБ ვიცე–პოლკოვნიკის ანდრეი სკურატოვის დაღუპვის შესახებ – მისი მანქანა ნაღმზე აფეთქდა რუსეთის ბრიანკის რეგიონში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან 15 რუსი გენერალია ლიკვიდირებული. მოსკოვმა მხოლოდ ექვსი მათგანის გარდაცვალება დაადასტურა, თუმცა ზოგადად, რუსეთი არ საუბრობს დანაკარგებზე.
"შამანის" მებრძოლებმა აღნიშნეს, რომ წარმათების წამყვანი შემადგენელი დაზვერვაა.
”რუსებს ფული უყვართ და სძულთ თავიანთი გენერლები. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია, ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მათივე არმიიდან მივიღოთ. ამასთან, ჩვენ ბევრი სასარგებლო აღჭურვილობა გვაქვს. ბიჭები ყოველთვის თან ატარებენ კამიკაძე–დრონებს, ზოგჯერ მათ ძალიან ძლიერი აპარატის გამორთვაც შეუძლიათ”- განმარტა "ინტელექტუალმა".
მისი თქმით, როცა ამა თუ იმ სამიზნის განადგურების საჭიროება დგას, საუკეთესოდ მუშაობს ექვსკაციანი ჯგუფი, რომელთა გადასროლაც ვერტმფრენით ხორციელდება. მსგავსი მისიებისთვის გამოიყენება ამერიკული Black Hawk, რომელიც აღჭურვილია M-240 ტყვიამფრქვევებით.
სხვა ოპერაციები მიზნისკენ და უკან ქვეითად გადაადგილებას მოითხოვს. ამიტომ, სამხედროები 50– კილომეტრიან მანძილზე საწვრთნელ ლაშქრობას გადიან სრული აღჭურვილობით, ვიდრე დავალებაზე გასვლის უფლებას მისცემენ.
მებრძოლებმა ასევე განაცხადეს, რომ ზოგჯერ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმი თან ახლავს უკრაინისთვის მებრძოლ რუს პარტიზანებს, რომლებიც დავალებებს ასრულებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
ადრე „შამანი“ მცირერიცხოვანი რაზმი იყო, ახლა კი ბატალიონად იქცა. The Times აღნიშნავს, რომ ის "ბევრად ამბიციური ძალაა", ვიდრე იყო შარშან, როდესაც გამოცემა პირველად წერდა მის შესახებ. თავად მებრძოლებმაც დაადასტურეს, რომ მას შემდეგ ბევრად შორს წავიდნენ და საკუთარ თავს რთულად მისაღწევი მიზნები დაუსახეს. კერძოდ, ამგვარ მიზნებად ისინი ავიაბაზებს განიხილავენ.
„ეს მართლაც მსხვილი სამიზნეა სერიოზული დაცვით. მისიაში წასული რამდენიმე სპეცრაზმელით ფონს ვერ გავალთ. ჩვენი წყაროები უნდა იყვნენ ქალაქში ან თავად ბაზაზე, რუსეთის ჯარში“, - განმარტა გამოცემის კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ.
დეკემბერში მოხდა აფეთქებები რუსეთის სიღრმეში – "ენგელს-2-ის" და "დიაგილევოს" ავიაბაზებზე, სადაც განთავსებული იყო Tu-22 და Tu-95 სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებიც თავს დაესხნენ უკრაინას. ასევე თავდასხმა განხორციელდა ყირიმში რუსეთის რამდენიმე საჰაერო ბაზაზე.