რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის გერმანიაში სამხედრო პირი დააკავეს
09/08/2023 18:25:39 მსოფლიო
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ დააკავა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების თანამშრომელი, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება.
პირი (თომას ჰ). დააკავეს ქალაქ კობლენცში. გაჩხრიკეს მისი სახლი და სამუშაო ადგილი.
გამოძიების თანახმად, ის მუშაობდა ბუნდესვერის შეიარაღების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების ფედერალურ ოფისში. 2023 წლის მაისიდან ის რამდენჯერმე, საკუთარი ინიციატივით, დაუკავშირდა რუსეთის გენერალურ საკონსულოს ბონში, ასევე რუსეთის საელჩოს ბერლინში და მათ თანამშრომლობა შესთავაზა. დაფიქსირდა ეჭვმიტანილის მიერ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის რუსული დაზვერვისთვის გადაცემის ფაქტი.
9 აგვისტოს სასამართლომ დაკავებული საქმის განხილვამდე პატიმრობაში დატოვა.
2022 წლის დეკემბერში გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) თანამშრომელი დააკავეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. მას რუსეთისთვის უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებდნენ. ის მსგავსი სახის მონაცემების დამუშავებაში იყო ჩართული. სხვა საკითხებთან ერთად, მის ხელში გადიოდა სატელიტური ფოტოებიც.


