
მინისტრის მოადგილე: პროგრამა ითვალისწინებს განგაშის სისტემების 100 თემში მოწყობას
09/08/2023 16:36:10 საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტი, რომელიც 100 თემში განგაშის სისტემების მოწყობას გულისხმობს. განგაშის და ადრეული გაფრთხილების სისტემების საკითხი მორიგ ჯერზე გახდა აქტუალური შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენის შემდეგ. არსებობს კითხვა, გაგაშის სიგნალის არსებობის შემთხვევაში იყო თუ არა შესაძლებელი მსხვეროლის მინიმიზაცია.
„ასეთი სისტემების განვითარება დამოკიდებულია მრავალფაქტორიან კვლევებზე და შეფასებებზე იმისათვის, რომ ვიცოდეთ, ასეთი ტიპის სისტემები კონკრეტული ტიპის ხეობებში და მოსალოდნელი სტიქიების მასშტაბიდან გამომდინარე იმუშავებს თუ არა. ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც არაერთი ინფორმაცია ვრცელდება მედიაში და რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის მიერაა დაფინანსებული და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან, ითვალისწინებს 100 თემში განგაშის სისტემების მოწყობას 2024 და 2025 წლის განმავლობაში, ყველაზე ცხელ და წითელ ზონებში, სადაც სხვადასხვა ტიპის სტიქიური პროცესების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ეს ყველაფერი პასუხობს იმას, რომ მასშტაბური დეზინფორმაცია, თითქოს სახელმწიფოს არც მონიტორინგის სისტემაზე უზრუნია, არც ადრეული გაფრთხილების სისტემებზე უზრუნია, არ შეესაბამება სიმართლეს“,– თქვა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა მინიმუმ 21 ადამიანი, ეძებენ 12-ს.