Accentnews.ge
მინისტრის მოადგილე: ხეობაში სტიქიის განვითარებამდე არანაირ შეგუბებას ადგილი არ ჰქონია

მინისტრის მოადგილე: ხეობაში სტიქიის განვითარებამდე არანაირ შეგუბებას ადგილი არ ჰქონია

09/08/2023 16:28:09 საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის განვითარებამდე, ხეობაში წყლის დაგუბებას ადგილი არ ჰქონია.

მისი თქმით, ამას ადასტურებს სატელიტური მონაცემები, რომელიც უწყებამ საერთაშორისო პარტნიორებისგან, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისგან მიიღო:

„ხეობაში სტიქიის განვითარებამდე არანაირ შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. წყლის მასების დაგუბებას ნამდვილად არ ჰქონია ადგილი. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია წყლის დონის ზომის სადგურიდან მიღებული, სადაც არ ფიქსირდებოდა არ სტიქიამდე არც სტიქიის პროცესში, ასე ვთქვათ, სტიქიამდე, წყლის დონის კლება. ბუნებრივია, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ის სატელიტური მონაცემები, რომლებიც ასახავს სტიქიის დღევანდელ მდგომარეობას, სტიქიის დღის მდგომარეობას".

მისი თქმით, რამდენიმე მოვლენათა ერთობლიობა ერთმანეთს დაემთხვა და საბოლოო ჯამში გამოიწვია სტიქიის ის მასშტაბი, რაც მოხდა შოვში:

„ეს იყო კლდეზვაური მასის მყისიერი ჩამოშლა, ნახევარი მილიონი კუბური მასა დაეჯახა მყინვარულ მასას, რის გამოც გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა კურორტ შოვში, უმოკლეს ვადებში.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთ სტიქიური მოვლენის განვითარებასთან საქმე გვაქვს კომპლექსურ პროცესებთან. რამდენიმე მოვლენათა ერთობლიობა ერთმანეთს დაემთხვა და საბოლოო ჯამში მივიღეთ სტიქიის ის მასშტაბი, რაც ერთად ვნახეთ“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის პირველი მოადგილე ამტკიცებს, რომ ამ ტიპის სტიქიის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია:

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის, ასეთი კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. მინდა, რომ ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდეს".

რაც შეეხება განგაშის და ადრეული გაფრთხილების სისტემებს, რაც მორიგ ჯერზე გახდა აქტუალური შოვის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, მინისტრის მოადგილის თქმით, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც 100 თემში განგაშის სისტემების მოწყობას გულისხმობს:

„ასეთი სისტემების განვითარება დამოკიდებულია მრავალფაქტორიან კვლევებზე და შეფასებებზე იმისათვის, რომ ვიცოდეთ, ასეთი ტიპის სისტემები კონკრეტული ტიპის ხეობებში და მოსალოდნელი სტიქიების მასშტაბიდან გამომდინარე იმუშავებს თუ არა. ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც არაერთი ინფორმაცია ვრცელდება მედიაში და რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის მიერაა დაფინანსებული და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან, ითვალისწინებს 100 თემში განგაშის სისტემების მოწყობას 24 და 25 წლის განმავლობაში, ყველაზე ცხელ და წითელ ზონებში, სადაც სხვადასხვა ტიპის სტიქიური პროცესების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ეს ყველაფერი პასუხობს იმას, რომ მასშტაბური დეზინფორმაცია, თითქოს სახელმწიფოს არც მონიტორინგის სისტემაზე უზრუნია, არც ადრეული გაფრთხილების სისტემებზე უზრუნია, არ შეესაბამება სიმართლეს“.

რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემებს, მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, არსებული მონიტორინგის სისტემებზე დაყრდნობით, რომლებიც უკვე დამონტაჟებულია რეგიონში, ასევე რადარული სისტემებზე დაყრდნობით, არ გამოვლენილა ისეთი პროცესი, რაზეც შეიძლებოდა წინასწარ ვარაუდირომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას შეიძლება ჰქონოდა ადგილი:

„ძალიან ხშირად ისმის საზოგადოებაში ადრეული გაფრთხილების სისტემებზე არაერთი ინფორმაცია. თითქოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ აქვს ადრეული გაფრთხილების სისტემები საერთოდ. ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს მონაცემთა ერთობლიობას: როგორია წყლის დონე, როგორია მეტეოროლოგიური მდგომარეობა, რა სტიქიური პროცესის განვითარებას შეიძლება ელოდე. ამ ინფორმაციას აგროვებ რადარებიდან, მეტეოროლოგიური სადგურებიდან, წყლის დონის მზომი სადგურებიდან, ადგილზე სადამკვირვებლო პუნქტებიდან, ჩვენ რეგიონებში დამკვირვებლებიც გვყავს, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას. ყველა შეკრებილი მონაცემის საფუძველზე სინოპტიკოსი გასცემს გაფრთხილებას“.

კითხვაზე, ადგილზე რომ ყოფილიყო განგაშის სისტემები, იქნებოდა თუ არა შესაძლებელი მსხვერპლის მინიმიზაცია, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ კითხვას ვრცელი პასუხი გასცა.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა მინიმუმ 21 ადამიანი, ეძებენ 12-ს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S