აშშ-მა სანქციები, მათ შორის, "ბელავიას" დაუწესა
09/08/2023 15:37:56 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა ბელარუსის ოთხი იურიდიული პირისა და რვა მოქალაქის წინააღმდეგ, მათ შორისაა „ბელავია“, მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა, ასევე ერთი სამოქალაქო ავიალაინერი.
მინსკის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდა ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავთან დაკავშირებით, რომლის ოფიციალური შედეგებიც აშშ-მა არ აღიარა.
სანქციების სიაში ასევე შედიან „ბელარუსის მეტალურგიული ქარხანა“ და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტი, ასევე ბიზნესმენი ალექსეი ოლექსინი, რომელიც ლუკაშენკოსთან მჭიდროდ დაახლოებულ პირად ითვლება.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესეს მისი ოჯახის წევრებს და რამდენიმე ოფიციალურ პირს. სიაში აგრეთვე შედის თვითმფრინავი Bombardier CRJ-200ER, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება იყენებს.
„ბელავიაზე“ გაცემულია ე.წ გენერალური ლიცენზია, რომელიც მასთან დროებით ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისთვის“.
„ბელავიას“ წინააღმდეგ ადრე ევროკავშირმა დააწესა სანქციები მინსკის აეროპორტში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ მოაწყო ოპოზიციონერი რამან პრატასევიჩის დასაპატიმრებლად.


