უფლებადამცველები: რუსულ ციხეში მუსლიმებს იძულებით პარსავდნენ, საკვებში ღორის ხორცს უმატებენ, უკრძალავენ ლოცვას
09/08/2023 13:29:18 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის ულიანოვსკის ოლქის დიმიტროვგრადის ციხის თანამშრომლები იძულებით პარსავდნენ პატიმრებს, აყენებენ შეურაცხყოფას რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, სცემენ და მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში,– ამის შესახებ ორგანიზაცია "გრაჟდანსკოე სოდეისტვიე" ხუთ პატიმარზე დაყრდნობით იუწყება.
სამმა თანამოსაუბრემ რუს უფლებადამცველებს განუცხადა, რომ ივლისის დასაწყისში ისინი ძალით გადაპარსეს ან ძალადობით მუქარის ქვეშ აიძულეს გაპარსვა. მანამდე ისინი წვერსა და თმას სპეციალური აპარატით იჭრიდნენ, თუმცა სასჯელაღსრულების თანამშრომლებმა ისინი დაამტვრიეს.
პატიმრები ასევე საუბრობენ, რომ რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლები მუსლიმებს ლოცვაში უშლიან ხელს: მაღალ ხმაზე რთავენ მუსიკას ან რადიოს, ართმევენ ლოცვანს და რელიგიურ ლიტერატურას, ატარებენ ჩხრეკას ლოცვის დროს. ციხის ზოგიერთი თანამშრომელი მუსლიმთა საკვებს ღორის ხორცს უმატებს და მათ აიძულებს, უარი თქვან საკვებზე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის დასაწყისიდან რუსებმა მინიმუმ 14 ყირიმელი პოლიტპატიმარი გადაიყვანეს რუსეთის ციხეებში. კერძოდ, დიმიტროვგრადის ციხეში იმყოფებიან ყირიმელები რაიმ აივაზოვი, რუსტემ სეიტმემეტოვი და იზეტ აბდულაევი.


