მიხეილ სააკაშვილი: 2008 წლის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამისათვის, უნდა დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა
09/08/2023 09:35:49 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველო „კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად დარჩებოდა, რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა“. აღნიშნულთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
სააკაშვილის თქმით, მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პირდაპირ სთხოვდა, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები დაენიშნა.
„ჩემი პასუხი ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს! შეიძლებოდა თუ არა, 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის:
1.აჭარაში ასლანი დაგვეტოვებინა და ხელი აგვეღო ბათუმის განვითარებაზე;
2.ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები უნდა დაგვენიშნა, როგორც ამას პირდაპირ მთხოვდა პუტინი;
3.არ უნდა შევბრძოლებოდით კორუფციას, რადგან ძირითადად მათ ეყრდნობოდა რუსული გავლენა საქართველოში;
4.არ უნდა გაგვეტარებინა არც ერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად;
5.არ უნდა გვევლო ევროკავშირისა და ნატო-სკენ;
6.არ უნდა გვეთქვა უარი ენერგეტიკაში რუსულ სქემებზე და შესაბამისად, სიბნელეში დაგვეტოვებინა საქართველო;
7.არ უნდა შეგვექმნა ქართული არმია და სამხედრო წარმოება. ერთი სიტყვით, დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა“, - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.
რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.
2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ "8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა".
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.
ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
მიმდინარე წლის აპრილში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.


