იოზვიაკი: ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის მომზადება დაიწყო, გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად საქართველოს დარჩენილი და ახალი პირობების შესრულება დასჭირდება
08/08/2023 14:21:30 პოლიტიკა
„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის მომზადება დაიწყო.
მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია იქნება გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება:
"მდგომარეობა ისეთია, რომ ანგარიშში რეკომენდაცია იქნება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ საკითხზე დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის კონსენსუსია საჭირო".
როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, გაფართოების შესახებ ანგარიში ოქტომბრის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება:
როგორც იგი განმარტავს, ანგარიშის მზადება ადრეულ ეტაპზეა თუმცა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად – გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად საქართველოს 12 ევრორეკომენდაციიდან შეუსრულებელი რეკომენდაციებისა და ახალი პირობების შესრულება დასჭირდება.
"ანგარიშის მზადება ადრეულ ეტაპზეა, თუმცა იდეა ჯერ კიდევ არის „პირობითი“, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დასჭირდება დარჩენილი და პოტენციურად ახალი პირობების შესრულება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად – ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად", წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.


