პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე დამატებით ჯარს გზავნის
08/08/2023 11:46:22 მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა დააკმაყოფილა ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის მეთაურის მოთხოვნა ბელარუსთან საზღვარზე დამატებითი ძალების გაგზავნის შესახებ.
როგორც ბლაშჩაკმა აღნიშნა, საზღვარზე ვითარება კვლავ „დინამიურია“, ამიტომ მის დასაცავად დამატებითი ძალების გაგზავნის ბრძანება გაიცა.
ამჟამად პოლონეთ-ბელარუსიის საზღვრის დაცვას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ორი ათასი სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფს.
მას შემდეგ, რაც ბელარუსში გამოჩნდნენ "ვაგნერის" დაქირავებულები, პოლონეთმა და ლიეტუვამ საზღვრების დაცვა გააძლიერეს.
ერთი დღით ადრე ბელარუსმა პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვართან სამხედრო წვრთნა დაიწყო.
ამასთან, ორშაბათს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაჩიეი ვონსიკმა განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი აორგანიზებენ მორიგ კამპანიას ევროკავშირში მიგრანტების პოლონეთის საზღვრის გავლით შემოდინების მიზნით რეგიონში დესტაბილიზაციისთვის.
მისი თქმით, სიტუაცია „არ არის ისეთი ქაოტური, როგორც ორი წლის წინ იყო, მაგრამ მაინც იწვევს შეშფოთებას":
„საუბარია რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ოპერაციაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება“.
თავის მხრივ, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ტომაშ პრაგამ ბელარუსის სამსახურებს უწოდა „კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მართავს არალეგალურ მიგრაციას“ და „აქედან დიდ მოგებასაც იღებს“.
მისი თქმით, მხოლოდ წელს ბელარუსიდან პოლონეთში შესვლა სცადა 19 000 მიგრანტმა, მათგან მხოლოდ ივნისში 4 000-მა, ხოლო გასულ წელს 16 000–მა.


