სარდლობა: ბახმუტის მიმართულებით განადგურდა ოკუპანტების საკომუნიკაციო ცენტრი
08/08/2023 11:10:12 მსოფლიო
ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ ინიციატივას მიუხედავად რუსული მძიმე არტილერიის აქტიური მუშაობისა,– თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ ეროვნული ტელეთონის ეთერში.
„ბახმუტი რჩება იმ მიმართულებად, სადაც ჩვენი თავდაცვის ძალები ინარჩულებენ ინიციატივას. მტერი სასოწარკვეთილ წინააღმდეგობას წევს, მათ შორის ყველა ტიპის არტილერიის გამოყენებით - ნაღმტყორცნებიდან დაწყებული სარაკეტო სისტემებით დამთავრებული.
დღის განმავლობაში 508-ჯერ დაარტყეს ჩვენს პოზიციებს, 6 საჰაერო იერიში განხორციელდა, მოხდა 16 შეტაკება, რომლის დროსაც განადგურდა 65 დამპყრობელი, 120 დაიჭრა და სამი ტყვედ აიყვანეს, ასევე განადგურდა მტრის ტანკი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, საბრძოლო მასალის საველე საცავი და 5 სატვირთო მანქანა. ასევე, რაც სიმბოლურია (8 აგვისტო არის უკრაინის სასიგნალო კორპუსის და კიბერუსაფრთხოების დღე), განადგურდა მტრის საკომუნიკაციო ცენტრი“,– თქვა სპიკერმა.
ჩერევატის თქმით, უკრაინელი არტილერისტების მიერ დავალებების შესრულების ხარისხი ფარავს მოწინააღმდეგის საარტილერიო იარაღის კუთხით რაოდენობრივ უპირატესობას.


