უკრაინის საზღვაო ძალები: დარტყმის შედეგად რუსულმა სადესანტო გემმა ბრძოლისუნარიანობა დაკარგა
08/08/2023 06:35:48 მსოფლიო
რუსეთის საზღვაო ძალების ჩრდილოეთ ფლოტის სადესანტო ხომალდი „ოლენეგორსკი გორნიაკი“ ჯერ არ არის საბრძოლო მზადყოფნაში ნოვოროსიისკის ყურეში მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, – განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა დიმიტრი პლეტენჩუკმა.
მან აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთმა გემი შავ ზღვაში გადაიყვანა, რადგან გეგმავდა სადესანტო ოპერაციების განხორციელებას უკრაინის სამხრეთ სანაპიროზე. ახლა, საზღვაო დრონით მიტანილი იერიშის შემდეგ, რუსებმა ის დაკარგეს, როგორც მათი ფლოტის საბრძოლო ნაწილი.
”შედეგად, ეს "სტუმარი" შორეული ჩრდილოეთიდან აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ დაკარგა ბრძოლისუნარიანობა. დარწმუნებულები ვართ, რომ ის ვერ დაბრუნდება ჩრდილოეთ ფლოტში,”- თქვა საზღვაო ძალების წარმომადგენელმა უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
მანამდე მედია იუწყებოდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სპეცოპერაცია ნოვოროსიისკის ყურეში (რუსეთის კრასნოდარის ტერიტორია), რის შედეგადაც დაზიანდა დიდი სადესანტო გემი. მსგავს ცნობებს უკრაინა ოფიციალურად არ ადასტურებს.


