ბელარუსმა პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვართან სამხედრო წვრთნა დაიწყო
07/08/2023 19:52:05 მსოფლიო
ბელარუსმა 7 აგვისტოს სამხედრო წვრთნა დაიწყო პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვრის სიახლოვეს ნატო–ს წევრ ამ ქვეყანაში "ვაგნერის" ყოფნით მზარდი შეშფოთების გამო.
პოლონეთმაც და ლიეტუვამაც გააძლიერეს საზღვრის დაცვა ბელარუსში "ვაგნერის" ათასობით მებრძოლის ჩასვლის შემდეგ.
ამასთან, ორშაბათს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაჩიეი ვონსიკმა განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი აორგანიზებენ მორიგ კამპანიას ევროკავშირში მიგრანტების პოლონეთის საზღვრის გავლით შემოდინების მიზნით რეგიონში დესტაბილიზაციისთვის.
მისი თქმით, სიტუაცია „არ არის ისეთი ქაოტური, როგორც ორი წლის წინ იყო, მაგრამ მაინც იწვევს შეშფოთებას":
„საუბარია რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ოპერაციაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება“.
თავის მხრივ, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ტომაშ პრაგამ ბელარუსის სამსახურებს უწოდა „კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მართავს არალეგალურ მიგრაციას“ და „აქედან დიდ მოგებასაც იღებს“.
მისი თქმით, მხოლოდ წელს ბელარუსიდან პოლონეთში შესვლა სცადა 19 000 მიგრანტმა, მათგან მხოლოდ ივნისში 4 000-მა, ხოლო გასულ წელს 16 000–მა.
ცნობისთვის: ივნისის ბოლოს "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა მოკლევადიანი ამბოხება წამოიწყო. როგორც ოფიციალურად გაცხადდა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენოს შუამავლობით შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც "ვაგნერელებს" შეეთავაზათ, დაბრუნდნენ შინ, გააფორმონ კონტაქტები რუსეთის თავდაცვასთან, ან პრიგოჟინთან ერთად წავიდნენ ბელარუსში.


