სერბმა მესაზღვრეებმა კოსოვოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი დააკავეს
07/08/2023 19:09:00 მსოფლიო
ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს მთავრობამ ორშაბათს დაგმო სერბეთის სასაზღვრო პოლიციის მიერ კოსოვოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის არდიტა სინანის დაკავება.
არდიტა სინანი, რომელიც არის ალბინ კურტის მრჩეველი პრეშევოში, მედვეჯში და ბუიანოვაცში – სამი მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე მეტი ალბანური მოსახლეობაა სერბეთში, ორშაბათს დააკავეს მუჩიბაბას გადასასვლელთან, სერბეთში.
დაკავების შესახებ პირველმა თავად სინანმა გაავრცელა ინფორმაცია "ფეისბუქზე". მრჩევლის თქმით, სერბმა მესაზღვრეებმა მას უთხრეს, რომ ჰქონდათ მისი დაკავების ორდერი, მაგრამ არ განუმარტეს, რის საფუძველზე.
„შესაძლოა, ეს არის კოსოვოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მრჩევლობის ფასი, მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება პრეშევოს ხეობაში ალბანელთა უფლებების ხმის ჩახშობის საშუალება“, – დასძინა მან.
განცხადებაში კოსოვოს მთავრობამ სინანის დაკავებას უწოდა გადაადგილების თავისუფლების ფუნდამენტური უფლების სერიოზული შეზღუდვა და სერბეთის ალბანელი მოსახლეობის შევიწროების მტკიცებულება.
კოსოვოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ახსნა-განმარტების გარეშე, თითქმის ერთი საათით დაკავება ალბანურ თემთან მისი კავშირის გამო მოხდა და მიზანი დაშინება იყო.
სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა გამწვავდა აპრილში, როდესაც ალბანური წარმოშობის პოლიტიკოსებმა მოიგეს შუალედური არჩევნები კოსოვოს ოთხ მუნიციპალიტეტში, რომლებსაც სერბებმა ბელგრადის ბრძანებით ბოიკოტი გამოუცხადეს.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალი მერები სამსახურში მისვლას ცდილობდნენ. კერძოდ, სოფელ ზვენჩანში მომიტინგეები ნატოს სამშვიდობოებს ცეცხლსასროლი იარაღით და ქვებით თავს დაესხნენ. დაშავდა 30 იტალიელი და უნგრელი ჯარისკაცი და 50-ზე მეტი სერბი.


