
ილია მეორემ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა
07/08/2023 15:21:16 საზოგადოება
რაჭაში, შოვში მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, 7 აგვისტოს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადეს.
მოგვიანებით ილია მეორემ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.
„შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის; ჩვენი მზადყოფნა კი ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენს კეთილ საქმეთა სიმრავლეა.
ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს. აღდგომილმა მაცხოვარმა განაქარვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლის ზეიმს დაუდო სათავე", - ნათქვამია პატრიარქის წერილში.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი. მათგანი 14 უკვე ამოიცნეს.
შსს-ს ცნობით, მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 16 ადამიანის ძებნას.