თურქეთი ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში წამყვანი მოთამაშის როლს უმიზნებს
07/08/2023 12:13:58 მსოფლიო
თურქეთის ხედვაა იყოს წამყვანი მოთამაშეთა შორის საერთაშორისო ურთიერთობების ახალი და უფრო სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ანკარაში ელჩების მე-14 კონფერენციაზე განაცხადა.
„თურქეთი აპირებს ითანამშრომლოს სხვა ქვეყნებთან ეფექტური და ინკლუზიური საერთაშორისო სისტემის შესაქმნელად, რომელიც მიზნად ისახავს აღმოფხვრას მსოფლიოში არსებული უსამართლობა და ეკონომიკური უთანასწორობა, ასევე უზრუნველყოს მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა გლობალური მასშტაბით“, - განაცხადა ფიდანმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ „სერიოზული ცვლილებები მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებას და მტკიცე ნებას“ და რომ ანკარა გააგრძელებს ამ მიმართულებით მტკიცე ნაბიჯების გადადგმას:
„ამ ნაბიჯების განხორციელებისას ჩვენ ვიმოქმედებთ ოთხი ძირითადი სტრატეგიული მიზნის შესაბამისად: მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება ჩვენს რეგიონში, ჩვენი საგარეო ურთიერთობების აგება სტრუქტურულ საფუძველზე, კეთილდღეობის ატმოსფეროს ფორმირება და ჩვენი გლობალური წარმატების ხელშეწყობა“, - განმარტა ფიდანმა.
მან ასევე თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში ნორმალიზაციის პროცესი დაჩქარდა.
"სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, თურქეთ-სომხეთისა და აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი პარალელურად წარიმართოს“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა.


