უკრაინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის ყველაზე დიდი დახმარების მიმღები გახდა
07/08/2023 10:54:36 მსოფლიო
კიევი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის ყველაზე დიდი დახმარების მიმღები გახდა მსოფლიოში. ამ მაჩვენებლის მიხედვით, უკრაინამ გვერდი აუარა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ისრაელი და ეგვიპტე, იუწყება The Washington Post.
მაშინაც კი, როდესაც აშშ-ის ჯამური სამხედრო ბიუჯეტი 1,66 ტრილიონი დოლარია, უკრაინის დახმარება უნიკალურია,– აღნიშნავს გამოცემა.
რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, აშშ-მა უკრაინას 66,2 მილიარდი დოლარი გაუგზავნა სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების სახით. 2022-2023 წლებში ისრაელმა ვაშინგტონისგან 8,6 მილიარდი დოლარი მიიღო, ეგვიპტემ – 3,3 მილიარდი დოლარი, იორდანიამ – 2,9 მილიარდი დოლარი, ტაივანს კი 300 მილიონ დოლარს დაჰპირდა.
დაფინანსების ეს ოდენობა აღემატება იმ დახმარებას, რომელიც ვაშინგტონმა გამოუყო ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს „მარშალის გეგმის“ ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა 16 ევროპულ ქვეყანას გაუგზავნა დაახლოებით $150 მილიარდი (ინფლაციის მიხედვით) სამი წლის განმავლობაში.
Pew Research Center-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ივნისში რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა 44%-ს უკრაინის დახმარებას გადაჭარბებულად თვლის. ეს 4%-ით მეტია იანვართან შედარებით. ამ აზრს დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა მხოლოდ 14% იზიარებს. ამერიკელებს შორის მხოლოდ 28% მიიჩნევს უკრაინის დახმარებას გადაჭარბებულად.
2022 წლის 9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს უკრაინაში სამხედრო მიწოდების შესახებ Lend-Lease პროგრამის ფარგლებში. უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვეტილებას "ისტორიული ნაბიჯი" უწოდა. "დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ევროპაშიც, როგორც 77 წლის წინ“, - აღნიშნა მან.
ეს პროგრამა ჯერ არ გააქტიურებულა, რადგან შეერთებული შტატები აპირებს, მისი მეშვეობით იარაღის გაგზავნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარება ორპარტიულ მხარდაჭერას დაკარგავს.


