
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი: თანადგომას გამოვთქვამ ქართველი ხალხის მიმართ, ვინც დაზარალდა შოვში მეწყერის შედეგად
07/08/2023 10:35:32 პოლიტიკა, საზოგადოება
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ჩემს ღრმა სამძიმარს და თანადგომას გამოვთქვამ ქართველი ხალხის მიმართ, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც დაზარალდა შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად. ჩვენ სოლიდარობას გიცხადებთ და გისურვებთ ზარალისგან სწრაფ აღდგენას“, – წერს სოციალურ ქსელში სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკ ჩინი.
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.
დღეს საქართველოში გლოვის დღეა.