
გერმანიას ნატო-ს ბიუჯეტში მეტი თანხის შეტანა მოუწევს
28/11/2019 14:59:55 სხვა, მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი ადასტურებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ორგანიზაციის ბიუჯეტის გადანაწილების ახალ სქემაზე შეთანხმდნენ. ეს განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მართალია, რომ ჩვენ შევთანხმდით ახალ ფორმულაზე: ამერიკის შეერთებული შტატები ნაკლებს გადაიხდის, გერმანია - მეტს. ამ გზით გერმანია და ამერიკა ნატო-ს ბიუჯეტში თანაბარ თანხას შეიტანენ“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის ამ განცხადებამდე ტელეკომპანია „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ნატო-ს კოლექტიურ ბიუჯეტში შენატანის შემცირებას გეგმავს. ამერიკულ ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაზოგილ თანხას აშშ უკრაინასა და საქართველოში პროგრამებს მოახმარს.
საკუთარ განცხადებაზე, "ნატო-ს ტვინი მოკვდა", განმარტება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს მიზნად ალიანსის გამოღვიძებას ისახავდა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის ამ განცხადების შედეგად გამოწვეული გამოხმაურებებით კმაყოფილია და სასურველ შედეგს მიაღწია.