
ჯუანშერ ბურჭულაძე: “სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია”
06/08/2023 11:33:11 საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.
ჯუანშერ ბურჭულაძემ სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.
„თავდაცვის ძალებში და ზოგადად, მიმდინარე სამუშაოებში საორგანიზაციო საკითხები დავასრულეთ. მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ. დღეის მდგომარეობით, დღის წესრიგი განსაზღვრული აქვს მათ, ვინც აქ მუშაობს. ალბათ, საორგანიზაციო საკითხები აღარ იქნება საჭირო და იმავე დღის წესრიგით გააგრძელებენ, რაც განვუსაზღვრეთ“,- განაცხადა ბურჭულაძემ.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.