
შოვში, ე.წ. კოტეჯების ტერიტორიაზე 5 ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რაოდენობა 16–მდე გაიზარდა
05/08/2023 16:10:32 საზოგადოება
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. მაშველებმა სტიქიის ზონაში დღეს 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, ცხედრები ნანახია ერთი და იმავე – ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. მიმდინარეობს გარდაცვლილთა იდენტიფიცირება.
რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას, მისი თქმით, დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც სტიქიის ზონაში საჭირო ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა:
"მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24 საათიან სამუშაო რეჟიმში. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს და ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.