Accentnews.ge
გაერო: რაჭის სტიქია კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების მკვეთრი შეხსენებაა

გაერო: რაჭის სტიქია კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების მკვეთრი შეხსენებაა

04/08/2023 19:01:01 საზოგადოება

რაჭაში განვითარებული სტიქიის შესახებ განცხადება გაავრცელა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოში, რომელშიც აქცენტი კლიმატის ცვლილებების შერბილების აუცილებლობაზეა გაკეთებული.

„შოვში განვითარებული მეწყერი გამოწვეულია ინტენსიური ნალექითა და მდინარის ბუნებრივი კაშხლებით. ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ცვლილების შერბილების, მდგრადობის გაძლიერებისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო.

„ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ისევე როგორც მათთან, ვინც დაშავებულია და კატასტროფას გადაურჩა. ხაზს ვუსვამთ, რომ ქალები, ბავშვები და სხვა სოციალური ჯგუფები შესაძლოა, განსაკუთრებით დაუცველები იყონ ასეთი კატასტროფების ზემოქმედების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.

გაერო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ამ რთულ პერიოდში. ის მზად არის მხარი დაუჭიროს მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჰუმანიტარულ პარტნიორებს კლიმატური კატასტროფების საფრთხის წინაშე მყოფი თემების მდგრადობის გაზრდის მიზნით ერთიანი ძალისხმევის კოორდინაციაში.

3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა. ოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 11 ადამიანი, 25 ადამიანს კვლავ ეძებენ. მონაცემები არ შეცვლილა დღის ბოლოსთვისაც.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოყვანილია დაახლოებით 210 ადამიანი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S