
"ღვარცოფი საშიშროებას უქმნის შოვის ინფრასტრუქტურას" - რა წერია სააგენტოს 2021 წლის ანგარიშში
04/08/2023 16:01:32 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში აღნიშნულია, სოფელ გლოლაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში ღვარცოფული პროცესების განვითარების მაღალი რისკია,- აღნიშნული ბიულეტენი გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გუჯარაიძემ გამოაქვეყნა.
როგორც გუჯარაიძე წერს, სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, რომელშიც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის.
საინფორმაციო ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ მოცემულ ტერიტორიაზე ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალური საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს:
"ღვარცოფული ნაკადების გავლა ხდება საშუალოდ წელიწადში 2-3-ჯერ, საშიშროების რისკი - მაღალი".
გასატარებელ ღონისძიებებში მითითებულია, რომ საჭიროა მდინარე დღვიორას კალაპოტის პერიოდული გაწმენდა-დაღრმავება და ბორტების გამაგრება: ხეობაში გეოდინამიკური პროცესების მუდმივი მონიტორინგის წარმოება.
გუჯარაძე ამბობს, რომ 2022 წლის ანგარიში სააგენტომ ორგანიზაციას არ მიაწოდა.
"სამარცხვინოა, რომ ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გვჭირდება",– დასძენს გუჯარაიძე.
3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა. ოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 11 ადამიანი, 25 ადამიანს კვლავ ეძებენ.
შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოყვანილია დაახლოებით 210 ადამიანი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
იხილეთ ასევე: „მოკლე მეხსიერება გვაქვს!“: რა მოხდა შოვში სპელიალისტის ხედვით