
დაკარაგულთა ოჯახის წევრებს სტიქიის ზონაში ვერტმფრენებით შეიყვანენ
04/08/2023 14:20:32 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.
გადაწყდა, რომ დაკარგულთა ოჯახის წევრებს სტიქიის ეპიცენტრს ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერებინებენ.
„იმ ადამიანების ოჯახის წევრებს შევხვდით, ვისთანაც დაკონტაქტება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიმდინარე პროცესები მოვახსენეთ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა თვითონ სტიქიის ეპიცენტრში. მათ სურვილი გამოთქვეს, უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და ჩვენ მზად ვართ, შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თვითონ ნახონ, თუ რა მძიმე სიტუაციაა. სურვილი გამოთქვეს და შესაბამისად, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, ეს სურვილი დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
ადგილობრივები სამაშველო ოპერაციაში ჩართვას ითხოვენ. ამბობენ, რომ ზედმიწევნით იცნობენ ხეობას და შეუძლიათ დახმარების გაწევა.
: შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 25 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.