Accentnews.ge
რატომ დაგვიანდა ცხედრების გადასვენება

რატომ დაგვიანდა ცხედრების გადასვენება

04/08/2023 14:14:20 საზოგადოება

მოქალაქე დანიელ ბულკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო-კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ადგილობრივები შოვში დილით ნაპოვნი 6 ადამიანის ცხედრის გადმოსვენებას ითხოვდნენ.

ვიდეოში ისმის მოქალაქის ხმა, რომელსაც კომუნიკაცია სავარაუდოდ შსს–სთან აქვს.

„დილის 6 საათზე სამაშველოსთან ერთად ვიპოვეთ მიცვალებულები, ამოვასვენეთ… ერთად დავასვენეთ აქ, რომ ვერტმფრენი უნდა მოსულიყო და გადაეყვანა, ისევ აქ დაგვხვდნენ. მთელი დღე მზის გულზე მიცვალებულები პარკებში გახვეულები არიან დატოვებულები უპატრონოდ! არ უნდა გადაასვენოთ?! ხალხი ელოდება... მთელი დღე უპატრონოდ არიან დატოვებულები, არ უნდა გადაასვენონ?! ახლა არის 3 საათი”,- ისმის ადგილობრივის ხმა.

როგორც ცნობილია, დაახლოებით 17:00 საათისთვის მოხდა ცხედრების გადასვენება.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის შედეგად დაღუპულების გადმოსვენების შესახებ მედიასთან ისაუბრა:

„იცით თქვენ, რომ დილის საათებში 2 ცხედრის ამოსვენება და შემდეგ უკვე გადასვენება მოხდა ქუთაისის პროზექტურაში. არაერთხელ ითქვა უკვე, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. ჩვენი მეხანძრე- მაშველების მიერ რამდენიმე ლოკაციაზე, დაახლოებით 200-300 კვ.მ რადიუსში იქნა ნანახი ცხედრები. იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ცხედრების საფეხმავლოდ გამოსვენება, მოხდა ერთ ლოკაციაზე თავმოყრა. ამ წუთას შეფრინდა ვერტმფრენი, რომელიც მოახდენს ცხედრების გადმოსვენებას“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ცნობისთვის: შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 25 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S