
პაპუაშვილი: ჯერ კიდევ ვერ ხერხდება 36 ადამიანის პოვნა
04/08/2023 10:30:31 რეგიონები, საზოგადოება
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც სტიქიის ზონაში პრემიერ–მინისტრთან ერთად იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ვერ ხერხდება 36 ადამიანის პოვნა.
„მიმდინარეობს ერთის მხრივ, სამძებრო ღონისძიებები, ამავდროულად, გაწმენდითი ღონისძიებები, რათა ნახომ, იმ ადგილას, რომელიც მიწითაა დაფარული, თუ არის კიდევ ვინმე ჩარჩენილი“,– უთხრა პაოუაშვილმა ჟურნალისტებს.
პაპუაშვილს ჰკითხეს, ნაპოვნი 7 ცხედარი არის თუ არა იდენტიფიცირებული და მათ შორის თუ არიან მოზარდები.
„იდეტიფიცირება მიმდინარეობს. შესაბამის უწყებებს ექნებათ კომუნიკაცია ოჯახებთანაც. დაკარგულები ცნობებიდან გამომდინარე არიან იდენტიფიცირებულნი, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახს დაკარგულად მიაჩნდა, თუმცა პირი მანამდე იყო გამოსული.
სურათი ძალიან მძიმეა. ითქვა კიდეც სპეციალისტების მხრიდან, რომ დასავლეთ საქართველოში ასეთი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის მიწისძვრას. მართლაც დაუჯერებელია ის სურათი, რასაც ყველა ვხედავთ“,– თქვა პაპუაშვილმა.
მან მაშველებს მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისვის.
პაპუაშვილს ჰკითხეს, რატომ ვერ ახერხებს ქვეყანა, შეიძინოს ვერტმფრენი, რომელიც ეფექტური იქნება სამაშველო ოპერაციებისთვის:
"ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება სპეკულირება. ყველა გადაუდებელი სამუშაო შეასრულეს სამაშველო სამსახურებმა. ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ ტერიტორიაზე და დილით მოხდა მათი გამოყვანა. არ არსებობდა სამაშველო ღონისძიება, რომელიც გუშინ ვერ შეძლეს ჩვენმა სამაშველო სამსახურებმა. ესაა მთავარი და ასე უნდა შეხედოთ.
ხელშეკრულება გაფორმებულია და მოხდება შეძენა. იმის თქმა მინდა, რომ პარალელის გავლება უადგილოა, რადგან არ იყო სამაშველო ხასიათის ღონისძიება, რომელიც ვერ შესრულდა".