
შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები უსამძიმრებენ
05/08/2023 13:19:57 პოლიტიკა, საზოგადოება
შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები უსამძიმრებენ.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია:
„საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია გულითად სამძიმარს უცხადებს შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას, ვიმედოვნებთ, სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში“.
საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა:
„დამწუხრებული ვართ რაჭის რეგიონში მეწყერის შემდეგ ტრაგიკული მოვლენების გამო. ჩვენი გულითადი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს. გვაქვს ყველას იმ ადამიანის სწრაფი და უსაფრთხო გადარჩენის იმედი, ვინც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში იმყოფება“
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი:
„ჩემი გულწრფელი სამძიმარი მოძმე საქართველოს მოსახლეობას, შოვის საკურორტო ზონაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს“.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:
„ვგლოვობთ შოვის რეგიონში გამანადგურებელი მეწყერის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან. ამ ტრაგედიის დროს, ჩვენ გულით საქართველოს ხალხთან ვართ“.
საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას ესტერ მეიცადი:
„დამძიმებული გულით ვადევნებთ თვალს რაჭაში მომხდარ დამანგრეველ სტიქიას. ჩვენი ფიქრებით ვართ მათთან, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და ვინც ეს სასტიკი მოვლენა გამოიარა. უდიდესი პატივისცემა მამაც სამაშველო ჯგუფებს და იმედია მათი თავგანწირვით კიდევ ბევრი ადამიანი გადარჩება".
საქართველოში აშშ–ის საელჩო:
„ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის. ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია“.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო:
"მწუხარებას გამოვხაავთ საქართველოში, რაჭაში, შოვში მომხდართან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჯერ არ არიან ნაპოვნი, ცოცხლები და ჯანმრთელები იქნებიან ნაპოვნი. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გვერდით ვართ”.
საქართველოში უკრაინის საელჩო:
„საქართველოში უკრაინის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მოძმე ქართველ ხალხს მაღალმთიან რეგიონ რაჭაში, საკურორტო სოფელ შოვში მეწყერის შედეგად ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. ქედს ვიხრით ღრმა მწუხარებით“.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო :
„გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამთ საქართველოს შოვის კურორტზე მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს და სამაშველო ძალისხმევის წარმატების იმედი გვაქვს“.
საქართველოში შვედეთის საელჩო:
„შვედეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს გლოვის დროს და გულწრფელად უსამძიმრებს რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას. ვიმედოვნებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში“.
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი:
„გერმანიის სახელით, თანაგრძნობას ვუცხადებ რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის დროს დაზარალებულებს. ვფიქრობთ და ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახებისთვის, დაშავებულებისა და სამაშველო სამუშაოებში მონაწილე ადამიანებისთვის“.
საქართველოში თურქეთის საელჩო:
„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგული პირების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. თანაგიგრძნობთ საქართველო“.
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო:
„ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარი დამანგრეველი მეწყერის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს მთავრობას და ხალხს. ამასთან, მადლობას ვუხდით მაშველებს, რომლებმაც დაახლოებით 210 მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს და დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს. ირანელი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს.
ჩვენ გთავაზობთ ყოველგვარ შესაძლო მხარდაჭერას როგორც კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციაში, ასევე გრძელვადიანი რეაბილიტაციის პროცესში. ვიცით, რომ რეაბილიტაციის პროცესი გრძელი და რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი ამ ტრაგედიიდან კიდევ უფრო ძლიერი გამოვა".
საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა:
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად ოჯახის წევრები დაკარგა. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ისევე როგორც მათთან, ვინც დაშავებულია და კატასტროფას გადაურჩა. ხაზს ვუსვამთ, რომ ქალები, ბავშვები და სხვა სოციალური ჯგუფები შესაძლოა განსაკუთრებით დაუცველები იყონ ასეთი კატასტროფების ზემოქმედების მიმართ.
გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის გმირობის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული და დაუღალავად აგრძელებს მუშაობას ადგილზე, რათა ყველა დაზარალებულის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს.
გაერო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ამ რთულ პერიოდში. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჰუმანიტარულ პარტნიორებს კლიმატური კატასტროფების საფრთხის წინაშე მყოფი თემების მდგრადობის გაზრდის მიზნით ერთიანი ძალისხმევის კოორდინაციაში.
შოვში განვითარებული მეწყერი გამოწვეულია ინტენსიური ნალექითა და მდინარის ბუნებრივი კაშხლებით. ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ცვლილების შერბილების, მდგრადობის გაძლიერებისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ“.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი:
“ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ”.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩო:
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ მათ ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ვის ახლობლებსაც ეძებენ".
უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა გამო. უზბეკეთის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით ღრმა მწუხარებით გისამძიმრებთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს. გთხოვთ, ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ახლობლებს, აგრეთვე, ყველა დაშავებულს ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას. ღრმა სინანულით, აბდულა არიპოვი“, – აღნიშნულია უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ქართველი კოლეგისადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილში.
ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყება:
„სამძიმარს ვუცხადებთ შოვში მომხდარი დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრებით საქართველოს ხალხთან ვართ. იმედი გვაქვს, დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი:
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, უკიდურესად ვწუხვართ შოვის საკურორტო ზონაში ძლიერი მეწყერის შედეგად ფართომასშტაბიანი ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გამო.
ვიზიარებ თქვენს ტკივილს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას თქვენი, მსხვერპლების ოჯახებისა და ახლობლების, საქართველოს მეგობრული ხალხის მიმართ, ჩემი და აზერბაჯანელი ხალხის სახელით. დაშავებულებს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და ვისურვებ, რომ სტიქიის მიერ გამოწვეული შედეგები მალე აღმოიფხვრას“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის მიერ ქართველი კოლეგისადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილში.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო:
„უკანასკნელ დღეებში, და საათებშიც კი, ჩვენ რამდენჯერმე აღვმოჩნდით ამინდის მკვეთრი გამოვლინებების წინაშე, რომელიც სრულ სიგიჟედ იქცა. შტორმებს, უხვ წვიმას და წყალდიდობებს ასევე მოჰყვა სერიოზული შედეგები მოშორებით მდებარე ევროპის ნაწილში. საქართველოში უპრეცედენტო წვიმამ გამოიწვია მეწყერი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მსგავსი კატასტროფა არასდროს უნახავთ. ბევრი ადამიანი გარდაიცვალა და დაიკარგა, სახეზეა უზარმაზარი ზარალი. მე გამოვხატე ჩემი სიმპათია ჩემი ქართველი კოლეგის მიმართ ტელეფონით და შევთავაზე უნგრეთის დახმარება სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში, თუ ეს საჭიროა. ილია დარჩიაშვილმა მიიღო ეს შეთავაზება მადლიერებით, შეაფასა ეს, როგორც ნამდვილი მეგობრობის ჟესტი და განაცხადა, რომ საქართველო მიმართავს უნგრეთს, თუ მათი საკუთარი რესურები ამოიწურება“.
ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი:
„გულწფელი სამძიმარი მინდა, გამოვუცხადო შოვში მეწყერის დროს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. იმედი მაქვს, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ქართველი ხალხის გვერდით ვართ“.
- შსს–ს ინფორმაციით, შოვში სტიქიას ამ დროისთვის 15 ადამიანი ემსხვერპლა.
- შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი. სამძებრო–სამაშველო ოპერაცია გრძელდება.