
ინფრასტრუქტურის მინისტრი: სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება
04/08/2023 06:16:46 საზოგადოება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება როგორც ვერტმფრენის, ისე უშუალოდ, მაშველების ჩართულობით.
„დილიდან გაგრძელდა ადამიანების გამოყვანა. ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომლებიც უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდნენ მაშველებთან ერთად. სამაშველო ოპერაცია გრძელდება სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, ვისთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება, ასეთი 35 ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, გადაზუსტება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ტექნიკა მობილიზებულია, უკვე მოხერხდა ორი ექსკავატორის გადაყვანა და მდინარეზე პროცესი გრძელდება. ორ წაღებულ ხიდთან დაკავშირებითაც მოსამზადებელი სამუშაოებია და დღეს დაიწყება ხიდის მონტაჟი“,- განაცხადა ქარსელაძემ.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი.
- შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.