რუსეთმა ქერჩის სრუტეში გადაადგილება შეზღუდა
03/08/2023 12:19:08 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქერჩის სრუტეში გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შეზღუდვა ვრცელდება ყველა სახის მცურავ, მათ შორის წყალქვეშა საშუალებაზე, სრუტეში გაჩერებაზე, მფრინავი აპარატების ფრენაზე, წყალში ადამიანების ყოფნაზე და სანაპირო ზოლით შემოსაზღვრულ რაიონში სხვა საქმიანობაზე.
გამონაკლისი დაშვებულია ხომალდებისთვის, რომლებიც დღის საათებში ფარვატერებით და რეკომენდირებული სატრანზიტო გზებით გადაადგილდებიან ქერჩის სრუტეში განლაგებული პორტების მიმართულებით, ასევე რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის, სასაზღვრო სამმართველოს, როსგვარდიისა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხომალდებისთვის.
შავი ზღვის მხრიდან ქერჩის სრუტის მიმართულებით მოძრავი ხომალდებისთვის დადგენილია შემოწმების რაიონი.
ცნობისთვის: ქერჩის სრუტე აზოვის ზღვას შავთან აკავშირებს. ხომალდები სრუტეში ორივე მიმართულებით გადაადგილდებიან და ყირიმის ხიდის ქვეშ გაივლიან. სრუტეში გადიან სანავთობე ტანკერები, რომელთაც ასევე დიზელის საწვავი მაზუთი და თხევადი გაზი გადააქვთ.
ბოლოს ქერჩის სრუტეში გადაადგილება 16-დან 20 ივლისის ჩათვლით იყო შეზღუდული.


