
იუსტიციის სახლში ასაფეთქებელი მოწყობილების არსებობაზე შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა
02/08/2023 19:40:42 საზოგადოება
თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაციის გამოცხადებას „ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.
მისი განცხადებით, „ბოროტმოქმედის ცრუ შეტყობინების საფუძველზე მომხმარებელთა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია".
„საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. დამნაშავე გამოიკვეთება და აგებს შესაბამის პასუხს",– დასძენს მინისტრი.
მინისტრი აღნიშნავს, რომ დაკეტვის მიუხედავად, იუსტიციის სახლმა მომხმარებლებს მომსახურება გაუწია.
მანამდე იუსტიციის სახლში განაცხადეს, რომ თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს, 09:00 საათიდან განაახლებს მუშაობას, ხოლო სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს (24 საათი).
იუსტიციის სახლის განცხადებით, მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
2 აგვისტოს თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობაზე ანონიმური შეტყობინების შემდეგ.