ანგარიში: ხერსონში რუსების მიერ დაკავებულთა ნახევარმა წამება და სექსუალური ძალადობა განიცადა
02/08/2023 14:14:46 მსოფლიო
უკრაინის სამხრეთ ნაწილში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოწყობილ დაკავების ცენტრებში პატიმრების დიდი თითქმის ნახევარი წამებას და სექსუალურ ძალადობას დაექვემდებარა,– ამ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი მსხვერპლთა გამოკითხვისა და ფაქტების შესწავლის შემდეგ.
„მართლმსაჯულების მობილური ჯგუფი", რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული იურიდიული ფირმის Global Rights Compliance-ის მიერ შეიქმნა, ომის დანაშაულის შესახებ მტკიცებულებებზე უკრაინელ პროკურორებთან ერთად ხერსონში გასული წ.ლის ნოემბრიდან მუშაობდა – იმ პერიოდიდან, რაც რეგიონი 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. სწორედ დეოკუპაციის შემდეგ აღმოაჩინეს არაერთი საწამებელი საკანი.
ანგარიშში გაანალიზებულია 320 საქმე, მოწმეების ჩვენებები ხერსონში აღმოჩენილი დაკავების 35 ცენტრიდან.
მსხვერპლთა 43% ცალსახად საუბრობს რუსების მხრიდან წამებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ.
მათი განცხადებით, რუსები იყენებდნენ წამების სხვადასხვა მეთოდებს, მათ შორის, ე.წ. უოთერბორდინგს (როდესაც მსხვერპლის მისამართით წყლის ჭავლს უშვებენ), სასტიკ ცემას, სექსუალური ძალადობას.
წამების სამიზნეები ყველაზე ხშირად სამხედროები და მათი ოჯახების წევრები იყვნენ.
რუსეთის ხელისუფლებაში ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა მოსკოვი გამუდმებით უარყოფს უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩადენას მიუხედავად არაერთი მტკიცებულების არსებობისა.


