უკრაინის საზღვაო ძალები: რუსებს შავი ზღვის ბლოკირების რესურსი არ აქვთ
02/08/2023 10:25:29 მსოფლიო
უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერის დიმიტრი პლეტენჩუკის შეფასებით, ოდესის ოლქის ერთ-ერთ პორტში უცხოური გემების შესვლა არ არის „ბლოკადის გარღვევა“, როგორც ამის შესახებ რიგი მედიასაშუალებები წერდნენ.
სპიკერის განმარტებით, რუსი სამხედროები „ვერ ბლოკავენ“ უკრაინის ტერიტორიულ წყლებში გასასვლელებს, რადგან ამ ამოცანის შესასრულებლად შავ ზღვაში ამჟამად საკმარისი გემები არ ჰყავთ.
„ზღვის რომელიმე მონაკვეთის დასაბლოკად საჭიროა გემის შესაბამისი შემადგენლობა – დიდი რაოდენობით, რათა ფიზიკურად არ მოხდეს ზღვის ზოგიერთ მონაკვეთზე გავლა. ახლა ეს არ ხდება. ამიტომ, ამას ბლოკადის გარღვევა ვუწოდოთ, ჩემი აზრით, გაზვიადებულია. მათ გაიარეს სტანდარტული მარშრუტები – ეს უფრო ახლოს არის ჩვენს სანაპიროებთან. შესაბამისად, ეს არის ზონა, რომელშიც რუსული გემები არ შედიან, რადგან ესმით, რომ რუსულ გემს გაჰყვებიან ფსკერისკენ",–თქვა პლეტენჩუკმა.
უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერის თქმით, რუსი სამხედროების ამჟამინდელი ქმედებები შავ ზღვაში არის „ერთგვარი სიტყვიერი ტერორიზმი – ისინი ემუქრებიან, აშინებენ საფუძვლის გარეშე“.
„მათ თავი შავი ზღვის ჟანდარმებად გამოაცხადეს. დაივიწყეს, რომ ეს საერთო ზღვაა“, - დასძინა პლეტენჩუკმა.
30 ივლისს დუნაის დელტაში უკრაინის მარცვლეულის ერთ-ერთ ტერმინალზე ბერძნული, ისრაელის და თურქულ-ქართული კომპანიების სამი სატვირთო გემი შევიდა. ეს პირველი ვიზიტი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთი "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გავიდა.


