ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი ახალ არმიას აყალიბებს, მობილიზაციის მორიგი ტალღის გარეშე მას ვერ შეავსებს
02/08/2023 09:56:32 მსოფლიო
ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთმა სავარაუდოდ, დაიწყო დიდი ახალი სამხედრო ფორმირებების ჩამოყალიბება უკრაინის წინააღმდეგ ომში თავისი სახმელეთო ძალების გასაძლიერებლად. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს და 25-ე კომბინირებული შეიარაღების არმიის ახალ ფორმირებაზე მიუთითებს.
„უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი ძირითადად იყენებდა მობილიზებულ რეზერვისტებს არსებული ფორმირებების შესავსებად ან ტერიტორიული თავდაცვის ქვეითი პოლკების შემადგენლობაში. რუსეთი იშვიათად აყალიბებს ახალ კომბინირებული შეიარაღების ორგანიზაციებს, როგორიცაა გაერთიანებული შეიარაღების არმიები, რომლებიც შეიქმნა როგორც თვითკმარი ძალა. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2022 წლის ზაფხულში შექმნილი მე-3 კორპუსი, რომელმაც თავი ცუდად აჩვენა. რუსეთი, დიდი ალბათობით, უკრაინაში რეზერვის სახით ნებისმიერ ახალ ფორმირებას განათავსებს",– ნათქვამია ანგარიშში.
ბრიტანული მხარე აღნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი ცდილობს, გააძლიეროს თავისი ძალები ნატოს წინააღმდეგ.
„რუსეთმა, სავალდებულო მობილიზაციის ახალი ტალღის გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იპოვოს საკმარისი რაოდენობის ახალი მებრძოლები თუნდაც ერთი ახალი არმიის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში, რომელიც სადაზვერვო მონაცემებს ეყრდნობა.
რუსეთში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ჯარში გაწვევისა და მოქალაქეების ჯარში მიზიდვის მიმართულებით კანონმდებლობა მუდმივად იცვლება.


