რუსეთმა იზმაილის პორტის ინფრასტრუქტურა დრონებით გაანადგურა
02/08/2023 09:38:52 მსოფლიო
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ოდესის ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად გაანადგურეს, ან დააზიანეს მდინარე დუნაიზე მდებარე იზმაილის პორტის ინფრასტრუქტურა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის წესების და კანონების დარღვევის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა იზმაილის საოლქო პროკურატურამ.
რუსეთმა უკრაინის ოდესის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით გასულ ღამით შეუტია.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, დაზიანებული და დანგრეულია მარცვლეულის საცავები, სატვირთო ტერმინალის რეზერვუარი, საწყობები და ადმინისტრაციული შენობა. ნაწილობრივ დაინგრა ნავსადგურის 3-საერთულიანი შენობაც.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „რუსმა ტერორისტებმა ისევ დაარტყეს პორტებს, ხორბალს და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას". ზელენსკის თქმით, მსოფლიოს რეაქცია უნდა ჰქონდეს, რადგან როცა სამიზნე ხდება სამოქალაქო პორტები და „ტერორისტები შეგნებულად ანადგურებენ ელევატორებსაც კი, ეს საფრთხეა ყველასთვის, ყველა კონტინენტზე" და რუსეთი უნდა შეაჩერონ.
რუსეთმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე ინტენსიური შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი.


