პენტაგონი – ბელარუსულ ვერტმფრენებთან დაკავშირებულ ინციდენტზე: გავაგრძელებთ მუშაობას, რომ NATO-ს ყოველი კვადრატული სანტიმეტრი დაცული იყოს
02/08/2023 07:56:41 მსოფლიო
პენტაგონი ბელარუსული ვერტმფრენების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები NATO-ს ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებს.
„გავაგრძელებთ ნატო-ს უსაფრთხოების მიმართ ძალიან სერიოზულად მოპყრობას და გავაგრძელებთ მუშაობას ნატო-ს მოკავშირეებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ალიანსის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი დაცული იყოს“, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა.
ამასთან, მან ინციდენტის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ NATO-ს ძალების პოზიცია არ შეცვლილა.
გუშინ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.


