ტრამპს, რომელიც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს
02/08/2023 05:30:16 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, რომელიც მომავალი წლის არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს. ამჯერად მას სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას ედავებიან. საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როცა ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და ამას მოჰყვა კაპიტოლიუმზე მისი მომხრეების თავდასხმა.
სპეციალური პროკურორის ჯეკ სმიტის მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნა შემდეგ 4 პუნქტს მოიცავს: შეთქმულება აშშ-ის მოტყუების მიზნით; შეთქმულება ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის მიზნით; ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის მცდელობა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით.
გამოძიების თანახმად, ტრამპი და მისი თანამზრახველები ცდილობდნენ არჩევნების გაყალბების შესახებ ცრუ განცხადებების საფუძველზე, ძალადობისა და ქაოსის გამოყენებით ზეგავლენა მოეხდინათ კონგრესზე საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გაუქმების მიზნით. სპეცპროკურორ ჯეკ სმიტის განცხადებით, ტრამპის ტყუილმა გამოიწვია კაპიტოლიუმზე უპრეცედენტო თავდასხმის პროვოცირება.
დონალდ ტრამპის გარდა, ბრალი წაუყენეს კიდევ 6 პირს, რომელთა ვინაობა საბრალდებო დასკვნაში მითითებული არ არის. Reuters-ის ინფორმაციით, ამ პირებს შორის სავარაუდოდ, ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდი ჯულიანიცაა.
სპეცპროკურორმა ჯეკ სმიტმა საბრალდებო დასკვნა ვაშინგტონის სასამართლოს გადასცა, სადაც დონალდ ტრამპი 3 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს. თავად ტრამპი ბრალდებას სიყალბეს უწოდებს. მისმა საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ "დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გრძელდება დევნა, რომელიც ნაცისტურ გერმანიას ახსენებთ და, რომ ტრამპს ვერ შეაჩერებს სამარცხვინო და უპრეცედენტო პოლიტიკური თავდასხმები".
დონალდ ტრამპი ბრალდებულია კიდევ ორ საქმეზე. ერთი ეხება საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებას, ხოლო მეორე პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის, ტრამპთან რომანის საიდუმლოდ შენახვის მიზნით, 130 ათასი დოლარის გადახდას, რაც ოფიციალურად იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. ტრამპი არცერთ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.


