რა საკითხები განიხილეს აშშ–ისა და ჩინეთის მაღალი რანგის პირებმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე
01/08/2023 17:51:56 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უწყებაში ამერიკელი და ჩინელი მაღალი რანგის ოფიციალური პირების შეხვედრა გაიმართა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრეს.
"სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში დანიელ ჯ. კრიტენბრინკმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსმა დირექტორმა ჩინეთისა და ტაივანის საკითხებში სარა ბერანმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკისა და ოკეანის საქმეთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ იან ტაოს უმასპინძლეს.
ორივე მხარემ გამართა გულწრფელი, არსებითი და პროდუქტიული დისკუსია, რაც კომუნიკაციის ღია არხების შენარჩუნებისა და ორმხრივი ურთიერთობების პასუხისმგებლობით მართვის მუდმივი ძალისხმევის ნაწილია. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის – რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ და სრუტეების საკითხებზე", – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


