
წყალი, ვინტილაცია, სამედიცინო დახმარება – ომბუდსმენის ანგარიში ქალთა ციხეში არსებულ ვითარებაზე
01/08/2023 12:43:36 საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატმა რუსთავის N5 ციხესთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში გამოქვეყნა, რომელშიც მიმოხილულია ის პრობლემური საკითხები, რომელთაც ქალი პატიმრები ყოველდღიურად აწყდებიან.
"დაწესებულებაში სათანადოდ არ ხდება პატიმართა ინფორმირება უფლება-მოვალეობების შესახებ. როგორც ქართულად მოსაუბრე, ასევე უცხოენოვან პატიმრებს ხელი არ მიუწვდებათ განახლებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებზე. პატიმართა უმრავლესობა დაწესებულებიდან საჩივრის გაგზავნისგან თავს იკავებს და ცდილობს, საკითხის მოსაგვარებლად თანამშრომლებთან დაამყაროს კარგი ურთიერთობები ან დასახმარებლად ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პატიმრებს მიმართოს",– აღნიშნავს სახალხო დამცველის აპარატი ანგარიშში, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც მიმდინარე წლის 1 და 2 მაისს აპარატის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგი ჩაატარეს.
ამასთა, როგორც ომბუდსმენის აპარატი მიუთითებს, სამედიცინო მომსახურების საკითხის შემოწმებისას დადგინდა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტი ერთ თვეზე მეტი ელოდა სპეციალისტთან კონსულტაციას:
"კვლავ პრობლემას წარმოადგენს გეგმიური სამედიცინო მომსახურების მისაღებად სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში პაციენტთა დროული გადაყვანა. ფსიქიატრიული დახმარება არ ატარებს ბიო-ფსიქო-სოციალურ ხასიათს. ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგს არ აქვს რეგულარული ხასიათი და ის მხოლოდ დაწესებულებაში პატიმრების პირველადი მოთავსებისას, ერთჯერადად ტარდება. ადრეულ დიაგნოსტიკას და პრევენციული მიდგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროული გამოვლენისა და მართვისთვის".
ანგარიშის მიხედვით, საპატიმროში ხშირად წყდება წყალი, მათ შორის, შხაპის მიღების დროს, რომელიც პატიმრებისთვის ისედაც ლიმიტირებულია.
„აღნიშნულის გამო, პატიმრები და დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები იძულებულნი არიან წყლის მარაგი შეინახონ სხვადასხვა სახის ჭურჭლით. პატიმართა გადმოცემით, არის შემთხვევები, როდესაც შხაპის მიღების დროს მოულოდნელად წყალი წყდება და ასეთ შემთხვევაში, მათ ჭურჭელში შენახული ცივი წყლით უწევთ ბანაობის გაგრძელება. პატიმრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ დახურული ტიპის საცხოვრებელ კორპუსში შხაპის მიღების უფლება ეძლევათ მხოლოდ კვირაში ორჯერ და ისიც ერთ ჯერზე არაუმეტეს 20 წუთის ხანგრძლივობით. დაწესებულების დახურულ ნაწილში მყოფი პატიმრები ითხოვენ აღნიშნული დროის გონივრული ვადით გაზრდას, ვინაიდან, მათი განმარტებით, 20 წუთში ისინი სრულყოფილად ვერ ასწრებენ დაბანას და მოწესრიგებას. დახურულ ნაწილში მყოფი პატიმარი ქალები სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე ითხოვენ საშხაპეში ყოველდღიური დაბანის შესაძლებლობის მიცემას.
№5 დაწესებულებაში დასამონტაჟებელია სარეზერვო ავზები, რაც ქსელურად წყლის შეწყვეტის შემთხვევაში, უზრუნველყოფს N5 დაწესებულებისთვის საჭირო ოდენობით წყლის მიწოდებას“.
ანგარიშის თანახმად, საცხოვრებელ საკნებსა და სველ წერტილებში არ ფუნქციონირებდა ცენტრალური ხელოვნური სავენტილაციო სისტემა, ასევე არასაკმარისად ფუნქციონირებდა საშხაპეებში და სამზარეულოში არსებული სავენტილაციო მოწყობილობები.
ანგარიშში საუბარია დადებით ტენდენციებზეც: N5 დაწესებულებაში დაცულია სისუფთავე, საკნები უზრუნველყოფილია ინვენტარით, სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური განათებით, ასევე ცენტრალური გათბობის სისტემებით. საკნებში დაცულია მინიმალურ ფართთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სხვა პენიტენციურ დაწესებულებებთან შედარებით, მეტი სარეაბილიტაციო აქტივობა ხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესი.