
NGO-ებმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში მცირე პროგრესი დააფიქსირეს
01/08/2023 10:50:21 პოლიტიკა, საზოგადოება
9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მორიგი – მეხუთე შეფასება წარმოადგინა.
სტატუსმეტრი 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს.
ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ პერიოდში, სრულად არის შესრულებული 1 პირობა; მეტწილად შესრულებულია 2 პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია 7 პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის 2 პირობა.
ორგანიზაციების შეფასებით, პირობების შესრულების კუთხით, აღნიშნულ პერიოდში მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით.
„მედიის დამოუკიდებლობის მიმართულებით 1 საფეხურით აიწია შეფასებამ – აქამდე თუ ითვლებოდა, რომ არ იყო პროგრესი, დღეს უკვე ითვლება, რომ ნაწილობრივ არის შესრულებული. ეს შეფასება გამოწვეულია ორი ფაქტორით: მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა და ეს დიდწილად ასახავს იმ რეკომენდაციებს, რაც სამოქალაქო საზოგადოების მიერ იყო წარმოდგენილი და მეორე, ბუნებრივია, ეს არის ნიკა გვარამიას შეწყალება პრეზიდენტის მიერ.რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს პრიორიტეტიც იყო შესასრულებელი და ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა. დღეს ეს ითვლება ნაწილობრივ შესრულებულად. ეს პროგრესი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით წყლის კანონთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნები და მოსაზრებები. ორი მიმართულებითაა პროგრესი, სამოქალაქო საზოგაოდებასა და პარლამენტს შორის შედგა თანამშრომლობა. აქ იგულისხმება ერთობლივი კონფერენციის ჩატარება და პოზიციების გაცვლა და მეორე არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგაოდებასა და პარლამენტს შორის მზადების პროცესშია თანამშრომლობის მემორანდუმი და იმედია, რომ უახლოს მომავალში გაფორმდება“,– ამბობს ფონდ „ღია საზოგადოების“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე.
შესრულებულია:
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს(ECHR) გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება.
მეტწილად შესრულდა:
- ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
- გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა.
ნაწილობრივ შესრულდა:
- საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები;
- დამოუკიდებელი სასამართლო;
- ანტიკორუფციული ზომები;
- მედია;მოწყვლადი ჯგუფები;
- სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
- დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.
შესასრულებელია:
- დეპოლარიზაცია;
- დეოლიგაქრიზაცია.