
კონკურენციის სააგენტომ ბათუმში მხოლოდ რუსულ ენაზე მომსახურების ფაქტების შესწავლა დაიწყო
01/08/2023 09:20:24 საზოგადოება
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება - 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას.
„ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის" წერილის საფუძველზე, საცნობარო(კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება. შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ კვების ობიექტებში სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ხშირად, მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს",– აღნიშნას სააგენტო.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება განახორციელოს ქართულ ენაზე.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკითხის შესწავლას იწყებს კონკრეტული მომართვის შემთხვევაში, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედებ(ებ)ის შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი.
თუ დაირღვა თქვენი უფლებები შეგიძლიათ შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა https://gnca.gov.ge/index.php?m=401 დარეკოთ ცხელ ხაზზე 598 05 4422 ან მისწეროთ consumer@gnca.gov.ge.
მომხმარებლები ხშირად მიუთითებენ, რომ მათ შორის, ბათუმში რუსეთის მოქალაქეები მათ მიერ გახსნილ ობიექტებში მომხმარებლებს მხოლოდ რუსულ ენაზე ემსახურებიან.