მედია: NATO–ს თვითმფრინავების პატრულირების თანხლებით, მათ შორის თურქულ–ქართული რეგისტრაციის მქონე გემმა რუსეთის მარცვლეულის ბლოკადა გაარღვია
01/08/2023 06:46:57 მსოფლიო
ისრაელის, საბერძნეთის და თურქულ–ქართული რეგისტრაციის მქონე სამოქალაქო–სატვირთო გემებმა რუსეთის მარცვლეულის ბლოკადა გაარღვიეს, – იუწყება Forbes.
მისივე ცნობით, ისრაელის Ams1, საბერძნეთის Sahin 2 და თურქულ–ქართული რეგისტრაციის მქონე Yilmaz Kaptan დუნაის უკრაინულ ნაწილში შევიდა.
როგორც გამოცემა იტყობინება, გემები გადაადგილდებიან უკრაინის პორტ იზმაილისკენ, რომელიც მდინარე დუნაიზე მდებარეობს. მისი ინფორმაციით, ხომალდები უკრაინული მარცვლეულით დაიტვირთებიან და შავი ზღვის გავლით ტვირთს უცხოეთის პორტებისკენ წაიღებენ.
- ხომალდების პატრულირებას NATO–ს ოთხი სამხედრო თვითმფრინავი ახორციელებდა. ესენი არიან: აშშ-ის საზღვაო ძალების P-8 ტიპის საპატრულო თვითმფრინავი; აშშ-ის არმიის "Challenger", რომელიც აღჭურვილია ზედაპირის სკანირების რადარით; აშშ-ის საჰაერო ძალების RQ-4 ტიპის დრონი და NATO–ს E-3 ტიპის ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავი. არც ერთი ხსენებული თვითმფრინავი შეიარაღებული არ არის, თუმცა NATO–ს მოიერიშეები, მათ შორის იტალიური "Eurofighter"–ები და რუმინული F-16–ები იზმაილის პორტთან ახლოს მდებარე რუმინეთში არიან განლაგებულნი.
გამოცემის ცნობით, მუქარის მიუხედავად, რუსული გემები უკრაინის პორტისკენ მიმავალ ხომალდებს თავს არ დასხმიან, რადგან გემები არა ოდესაში, არამედ იზმაილში მიდიოდნენ.
"კიევი გამოიყენებს დუნაის პორტებს, როგორც ოდესის ალტერნატივას. რუსული რაკეტები რეგულარულად ესხმიან ოდესას თავას, მაგრამ თავდასხმები დუნაის პორტებზე ნაკლებად ხშირია, სავარაუდოდ, ამ პორტების NATO–ს ტერიტორიასთან სიახლოვის გამო. იზმაილიდან რუმინეთამდე სულ რამდენიმე ასეული იარდია", –იუწყება Forbes.
როგორც "ომის კვლევის ინსტიტუტი" ( ISW) აღნიშნავს, „როგორც ჩანს, რუსეთის ძალებს არ სურთ ან ამ დროისთვის ვერ ახერხებენ, იძულებით შეაჩერონ ნეიტრალური გემები, რომლებიც უკრაინისკენ შავი ზღვის გავლით მიემართებიან".
ცნობისთვის: რუსეთმა 18 ივლისიდან დატოვა გაერო–ს და თურქეთის შუამავლობით 2022 წლის ივლისში მიღწეული „მარცვლეულის შეთანხმება", რომლის საფუძველზე შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში ხორციელდებოდა.
„მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი „სამხედრო დანიშნულების ტვირთების პოტენციურ გადამტანებად“ გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი „კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“ ჩათვლის ქვეყნებს, რომელთა დროშებითაც ეს გემები დაცურავენ.


