
ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკრუიზო გემსა და ავტობუსებს, რომლითაც რუსი მგზავრები გამოიყვანეს, კვერცხები და ბოთლები დაუშინეს
31/07/2023 07:54:26 საზოგადოება
ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკრუიზო გემ Astoria Grande–ს კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.
მომიტინგეებმა კვერცხები და ბოთლები ესროლეს ასევე იმ ავტობუსებს, რომლითაც ლაინერის მგზავრები გამოიყვანეს. როგორც ისინი აცხადებენ, რუს ოკუპანტებს არ მისცემენ გადაადგილების საშუალებას.
შეკრებილი მოქალაქეები ლაინერთან მიახლოებასაც ცდილობენ, თუმცა მათ ამის უფლებას სამართალდამცავები არ აძლევენ.
ცნობისთვის: დღეს, გამთენიისას ბათუმის პორტში შესული პუტინისტების გემი ჯერ კვლავ პორტში რჩება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა მთავარ მიზნად ლაინერის ბორტზე მყოფი პუტინისტების ქალაქში არშეშვება დაასახელეს. ამ წუთებში ისინი მოითხოვენ, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვოს. საკრუიზო ლაინერი რუსი ტურისტების ნაწილმა უკვე დატოვა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.
საიტზე, რომელზეც ლაინერის რეისების შესახებ ინფორმაციაა მითითებული, მარშრუტში ბათუმი აღარ იძებნება.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო.