
დღეს აქცია ბათუმის გარდა, თბილისშიც დააანონსეს
31/07/2023 07:19:10 საზოგადოება
დღეს აქცია ბათუმის გარდა, თბილისშიც დააანონსეს.
"დღეს, დილის 7 საათზე ბათუმში ისევ შემოვიდა რუსული გემი. ქართულმა პოლიციამ, რუსული მთავრობის დავალებით, ყველაფერი გააკეთა ოკუპანტებისთვის კომფორტის შესანარჩუნებლად. ბათუმში, რუსული მთავრობის დავალებით, 10-მდე მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე დააკავეს. სოლიდარობა სამშობლოს ღირსების მცველებს! თანადგომა ბათუმს! საღამოს შვიდ საათზე პარლამენტთან საკუთარი და სამშობლოს ღირსების დასაცავად", - წერენ აქციის ორგანიზატორები.
პარალელურად, ბათუმის პორტში განვითარებულ მოვლენებს ქალაქში 19:00 საათზე გააპროტესტებენ. ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი საღამოს, 7 საათზეც შეიკრიბებიან და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ცნობისთვის: დღეს, გამთენიისას ბათუმის პორტში შესული პუტინისტების გემი ჯერ კვლავ პორტში რჩება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა მთავარ მიზნად ლაინერის ბორტზე მყოფი პუტინისტების ქალაქში არშეშვება დაასახელეს. ამ წუთებში ისინი მოითხოვენ, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვოს. საკრუიზო ლაინერი რუსი ტურისტების ნაწილმა უკვე დატოვა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.
საიტზე, რომელზეც ლაინერის რეისების შესახებ ინფორმაციაა მითითებული, მარშრუტში ბათუმი აღარ იძებნება.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო.