მედია: დიდ ბრიტანეთში 2 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ემზადება, რათა რუსეთისგან ანექსირებული ყირიმის დაბრუნების ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა
31/07/2023 04:50:32 მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში 2 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ემზადება, რათა რუსეთისგან ანექსირებული ყირიმის დაბრუნების ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა, – იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Express-ის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაფიქსირებულა, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინელი სამხედროები წვრთნას საზღვარგარეთ, მათ შორის ბრიტანეთში, გადიან. სამხედრო პოლიგონი განლაგებულია დარტმურში, დევონის საგრაფოში, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით. ის დახურულია საზოგადოებისთვის და პრესისთვის.
Daily Express-ის ინფორმაციით, ოპერაცია ჰაერიდან და ზღვიდან, ასევე ხმელეთზე დარტყმებს მოიცავს. მასში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს შორეული რადიუსის რაკეტებმა, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მიერ მიწოდებულმა რაკეტებმა.
როგორც გამოცემა იტყობინება, ოპერაცია "შობამდე", ანუ 2023 წლის ბოლომდე დაიწყება.
ოფიციალურ ლონდონსა და კიევს გამოცემასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებიათ.
რუსი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ყირიმი საიმედოდ არის დაცული.


