WSJ: საუდის არაბეთი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აგვისტოში უმასპინძლებს
31/07/2023 03:14:23 მსოფლიო
საუდის არაბეთი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს 5 და 6 აგვისტოს უმასპინძლებს, – იუწყება The Wall Street Journal.
მისი ცნობით, მოლაპარაკებები ქალაქ ჯედაშია დაგეგმილი და მასში 30-მდე ქვეყანა და ევროკავშირი იქნება ჩართული. რუსეთი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.
მოწვეული ქვეყნების სია იმავე ქვეყნებს აერთიანებს, რომლებიც ივნისის თვეში დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ მსგავს შეხვედრაში იყვნენ ჩართული. ამ შეხვედრის შესახებ ბევრი დეტალი ცნობილი არ არის. დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობებით ვიცით მხოლოდ ის, რომ ინიციატივა უკრაინის მხრიდან მოდიოდა და მასში მონაწილეობდნენ რუსეთთან მტკიცე ეკონომიკური კავშირების მქონე ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა.
"დადასტურებულია მოლაპარაკებებში დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკისა და პოლონეთის ჩართულობა. მასში აშშ–ის მხრიდან შესაძლოა, პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა მიიღოს მოანწილეობა. ამ ეტაპზე არც ისაა ცნობილი, მოწვეული ქვეყნებიდან რამდენი მიიღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას.
მოსალოდნელი საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე უკრაინასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან სანქტ-პეტერბურგში აფრიკის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება.
პუტინის განმარტებით, მშვიდობის დამყარების საფუძველი შესაძლოა გახდეს აფრიკული და ჩინური ინიციატივები. ასევე, პუტინის მტკიცებით, რთულია ცეცხლის შეწყვეტა მაშინ, როდესაც უკრაინის არმია რუსეთის ძალებს უტევს.
აქამდე უკრაინა და რუსეთი განმარტავდნენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან გარკვეული წინაპირობების გარეშე არ დასხდებიან. კიევის ამბობს, რომ ქვეყანა ტერიტორიების დათმობას არ აპირებს, მოსკოვი კი თვლის, რომ უკრაინამ "ახალი ტერიტორიული რეალობა" უნდა მიიღოს", – იუწყება გამოცემა.


