ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დაიკეტა - ვრცელდება ინფორმაცია მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ
30/07/2023 09:20:15 მსოფლიო
მოსკოვში ბიზნეს-ცენტრზე დრონებით შეტევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, დროებით დაიკეტა მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი.
რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, მოსკოვში, პრესტიჟულ უბან მოსკოვი-სითიში 50 სართულიან ბიზნეს-ცენტრის შენობას გუშინ ღამით დაესხნენ თავს დრონებით. ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული.
რუსეთი მომხდარ თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან მოსკოვზე თავდასხმა 3 დრონით განხორციელდა.
უკრაინას კომენტარი ამ საკითხზე ჯერ არ გაუკეთებია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა ივლისის თვეში, როცა მოსკოვზე შეტევის გამო დაიკეტა საერთაშორისო აეროპორტი. ანალოგიური ვითარება იყო 4 ივლისსაც. ამ დღეს მოსკოვის და მისი ოლქის ტერიტორიაზე იყო უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა, მათ შორის დაბა კუბინკაში განთავსებულ სამხედრო ობიექტზე. კუბინკა ვნუკოვოს აეროპორტიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს
ბიზნეს-ცენტზე დრონებით შეტევა მაისის დასაწყისიდან მოსკოვზე დრონების თავდასხმის მეოთხე შემთხვევაა.


