NATO ჟეშუვში ლოგისტიკურ ცენტრს გახსნის უკრაინული ტექნიკის შესაკეთებლად - მედია
28/07/2023 18:28:38 მსოფლიო
ნატო გეგმავს, სარემონტო და ლოგისტიკური ცენტრის აშენებას პოლონეთში, ჟეშუვში, რომელიც თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, უკრაინის დახმარებისთვის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძად იქცა,– იუწყება The Globe and Mail კანადელ და პოლონელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ჟეშუვში ნატოს ობიექტის მშენებლობის შესახებ საჯარო გასულ თვეში გახდა, როდესაც ქალაქის მერმა კონრად ფიოლეკმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა ალიანსის ბაზის მოწყობის შესახებ, სადაც მუდმივად განთავსდებოდნენ "ამერიკელი, ბრიტანელი და კანადელი სამხედროები".
პოლონელმა და კანადელმა ოფიციალურმა პირებმა The Globe and Mail-ისთან განმარტეს, რომ ობიექტი არა ბაზა, არამედ უფრო ლოგისტიკური და აღჭურვილობის სარემონტო ცენტრი იქნება.
"ჩვენ ვაპირებთ სარემონტო ცენტრის შექმნას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან პარტნიორობით. არ ვაპირებთ, კანადა ფართოდ იყოს წარმოდგენილი", - თქვა კანადელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით და დასძინა, რომ ცენტრის მთავარი ფუნქცია იქნება უკრაინული ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის შეკეთება.
ჟეშუვი უკრაინის საზვრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქში განთავსებულია აეროდრომი, რომლის გავლითაც უკრაინა დასავლეთის ქვეყნების მიერ მარაგდება სამხედრო აღჭურვილობითა და იარაღით. აეროპორტთან 1700 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული.
19 ივლისს პოლონეთმა თავისი ჯარები აღმოსავლეთ საზღვარზე განალაგა მას შემდეგ, რაც ბელარუსიაში "ვაგნერის" დაქირავებულები გამოჩნდნენ. 23 ივლისს მოგვიანებით, ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ითხოვენ, „გაუშვან დასავლეთში“, რათა „ექსკურსიაზე წავიდნენ ვარშავაში, ჟეშუვში“.


