პოლონეთი საკუთარი შეიარაღებული ძალების რაოდენობას აორმაგებს
28/07/2023 17:46:14 მსოფლიო
პოლონეთი საკუთარი შეიარაღებული ძალების რაოდენობას გააორმაგებს. შესაბამის დოკუმენტს უკვე მოეწერა ხელი,– იუწყება BBC.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანას 172 000 სამხედრო ჰყავს.
„ჩვენი მიზანია, პოლონეთის არმიას ჰყავდეს მინიმუმ 300 000 ჯარისკაცი. თანმიმდევრულად მივდივართ მიზნისკენ",– თქვა მინისტრმა.
დაგეგმილია, რომ პოლონეთის არმიაში დივიზიების რაოდენობა 4-დან 6-მდე გაიზარდოს, ხოლო თავდაცვის ხარჯები – მშპ-ს 4%-მდე.
19 ივლისს პოლონეთმა თავისი ჯარები აღმოსავლეთ საზღვარზე განალაგა მას შემდეგ, რაც ბელარუსიაში "ვაგნერის" დაქირავებულები გამოჩნდნენ. 23 ივლისს მოგვიანებით, ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ითხოვენ, „გაუშვან დასავლეთში“, რათა „ექსკურსიაზე წავიდნენ ვარშავაში, ჟეშუვში“. ეს არის ქალაქი პოლონეთში, სადაც განთავსებულია აეროდრომი, რომლის გავლითაც უკრაინა დასავლეთის ქვეყნების მიერ მარაგდება სამხედრო აღჭურვილობითა და იარაღით.


