50–ზე მეტმა რუსმა სამხედრომ სტარომაიორსკოეს მიდამოში საბრძოლო მისიის შესრულებაზე უარი თქვა - უკრაინის გენშტაბი
28/07/2023 17:23:44 მსოფლიო
ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ როზოვკას მიდამოში რუსეთის შეიარაღებული ძალების 247-ე საჰაერო–სადესანტო პოლკის მე-7 სადესანტო– თავდასხმის დივიზიის 50–ზე მეტმა რუსმა სამხედრომ უარი თქვა დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკოეს მახლობლად საბრძოლო დავალების შესრულებაზე,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
ამასთან, მათ ნაწილობრივ მწყობრიდან გამოიყვანეს საკუთარი საავტომობილო და ჯავშანტექნიკა.
უკრაინის სარდლობაში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული სამხედრო ოპერაციების ფონზე და რუს სამხედროებს შორის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, საუკუპაციო ძალების დანაყოფებში გაიზარდა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ასევე იუწყება, რომ დღის განმავლობაში 21 საბრძოლო შეტაკება მოხდა და უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.
27 ივლისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლეზეც უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკოეს განთავისუფლების შესახებ იუწყებიან. დასახლება ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით 150 კილომეტრში მდებარეობს.
შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები დასახლების გაწმენდას ახორციელებენ.


