Accentnews.ge
31 ივლისს საკრუიზო ლაინერი ბათუმში პუტინისა და მისი ომის მეხოტბე "ვარსკვალებს", მათ შორის სანქცირებულ პირებს ჩამოიყვანს

31 ივლისს საკრუიზო ლაინერი ბათუმში პუტინისა და მისი ომის მეხოტბე "ვარსკვალებს", მათ შორის სანქცირებულ პირებს ჩამოიყვანს

28/07/2023 15:58:10 პოლიტიკა

საკრუიზო ლაინერი "Astoria Grande" 29 ივლისს ბათუმის გავლით სოჭიდან მორიგ რეისს განახორციელებს და საქართველოში ამჯერად პუტინისა და მისი ომის მხარდამჭერ "ვარსკვლავებს", მათ შორის სანქცირებულ პირებს ჩამოიყვანს, რომლებიც ლაინერიდან კონცერტს გამართავენ.

ბორტზე იქნებიან, კერძოდ, ტელეარხ RU.TV -ს "ვარსკვლავები", მათ შორის - უკრაინის მიერ სანქცირებული მიტია ფომინი. კიევმა მუსიკალურ ჯგუფ Hi-Fi-ს სოლისტსა და 2022 წელს პუტინის მიერ გამართული "პატრიოტული მარათონის" - "Zа Россию»-ს მონაწილეს სანქციები რუსულ პროპაგანდაში აქტიური მონაწილეობისა და რუსეთის იმ პოლიტიკის მხარდაჭერის გამო დაუწესა, რომელიც ყირიმის ანექსიაზე და მთლიანობაში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული. 2017 წლიდან, როცა ფომინმა განაცხადა, რომ "ყირიმი რუსეთს ეკუთვნის", მას უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს. 2022 წლიდან ფომინს ქვეყანაში შესვლა ლატვიამაც აუკრძალა. ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებულ "კორუფციასთან ბრძოლის ფონდს" კი მომღერალი კორუფციონერებისა და ომის გამღვივებლების სიაში ჰყავს შეყვანილი კატეგერიაში "საზოგადოებრივი აზრის სულგაყიდული ლიდერები". 2018 წელს ფომინმა მოძრაობა "Putin Team"-ს დაუჭირა მხარი, 2020-ში კი განაცხადა, რომ "სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის" პუტინისგან პირადი მადლობა მიიღო.

"ვარსვლავური კრუიზის" მონაწილეებს შორის იქნებიან ასევე წარმოშობით ქართველი ძმების - ანდრეი და ვალერი ბირბიჭაძეების მუსიკალურ ჯგუფ «Те100стерон»-ის წევრები. ყაზახეთში დაბადებული ძმები რუსეთში გადასახლდნენ და ცხოვრების დიდი ნაწილი იქ აქვთ გატარებული. 27 ივლისს «Те100стерон»-მა პუტინის პროპაგანდისტი მომღერლის - ოლეგ გაზმანოვის ვაჟ როდიონთან ერთად რუსი სამხედროებისთვის ნოვგოროდში გამართა პროპაგანდისტული კონცერტი, მანამდე კი ანალოგიურ ღონისძიებაზე მოსკოვში იმღერა.

საკრუიზო ლაინერს საქართველოში ჩამოჰყვება ასევე გარუსებული ბელარუსი მომღერალი დიმიტრი კოლდუნი, რომელსაც 2018 წელს ოკუპირებულ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" კონცერტი აქვს გამართული და პუტინის რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია.

მასთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში შემოივლიან ასევე პუტინის სხვა პროპაგანდისტები, მათ შორის - ბიშკეკელი "ამირჩიკი", რუსულ მუსიკალურ პროექტ Filatov & Karas-ის წარმომადგენლები, ტელეწამყვანები ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.

Astoria Grande ბათუმის პორტში ამჯერად 31 ივლისს შემოვა.

"ვარსკვლავური კრუიზის" მარშრუტი მოიცავს სოჭს, ტრაბზონს, ბათუმს, ამასრას, სტამბოლს და კვლავ სოჭში ბრუნდება. მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 1100 ამერიკული დოლარია (რუბლში).

შეგახსენებთ, რომ პირველ რეისად შემოსული ეს ლაინერი ბათუმის პირტიდან 27 ივლისს ორი საათით ადრე გავიდა. პუტინის პროპაგანდისტულ დესანტს საქართველოს ტერიტორიული წყლების დროზე ადრე დატოვება საღამოს გამართული საპროტესტო აქციის ფონზე მოუწია. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაინერის შემოსვლას "მოსკოვის პროვოკაცია" უწოდა, მაგრამ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა არა ის, არამედ საპროტესტო აქცია დაგმეს და "ქაჯობად" შეაფასეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S